ეს გადაწყვეტილება არის მიმართული მხოლოდ რეპრესიებზე იმიტომ, რომ ეს ქვეყანა 2022 წლიდან წალეკა რუსეთიდან შემოსულმა ნარკოტიკმა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ახალი ინიციატივა ნარკოდანაშაულთან მიმართებით არის პროპაგანდისტული ნაბიჯი.

"მარტივი შეკითხვა დავსვათ - ამ ქვეყანაში ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა როდის იყო? როდესაც 2003-2012 წლებში ამ ქვეყანაში დასრულდა გაუგონარი ნარკომანიური სენი, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა დაავადებული. მაშინ Deep State ავალებდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გაემკაცრებინა ნარკოპოლიტიკა და მერე "ქართულ ოცნებას" მოაშვებინა? ეს ხომ უტოპიაა, მათივე გზავნილების ამოყირავებაა. 

ეს გადაწყვეტილება არის მიმართული მხოლოდ რეპრესიებზე იმიტომ, რომ ეს ქვეყანა 2022 წლიდან წალეკა რუსეთიდან შემოსულმა ნარკოტიკმა. შსს და სუსი ჩვენთვის ჯარიმების წერის მაგივრად, რომ ყოველ საღამოს დასდევდეს რა ხდება ქვეყანაში, როდესაც მთელი ქალაქი ღამე თხრის დამარხულ ნარკოტიკს, ამით ჯობია, რომ დაიწყონ. შეუძლებელია, რომ ეს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ხდებოდეს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.