სამწუხაროდ, პარტიების აკრძალვის საკითხს არ წყვეტს ეს სასამართლო. კვალიფიკაციას რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლოსგან კვალიფიკაციას არც ადრე ველოდებოდი და არც ახლა, - ამის შესახებ იურისტმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განაჩენის გამოტანის თარიღშიც კი არ არის სასამართლო ამ საქმეზე თავისუფალი.

"სამწუხაროდ, პარტიების აკრძალვის საკითხს არ წყვეტს ეს სასამართლო. კვალიფიკაციას რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლოსგან კვალიფიკაციას არც ადრე ველოდებოდი და არც ახლა, ერთადერთი ადამიანის გარდა, ქალბატონ ევა გოცირიძეს ვგულისხმობ, მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპრება.

სხვა საკითხები როგორ იქნება, ამას ერთად დაველოდებით. თუ წინა კვირაში სასამართლო აკეთებდა განცხადებებს, რომ იქნებ, ერთ თვეშიც ვერ დავასრულოთ, დღეს მე მომეჩვენა, რომ ამ ტიპის განმარტების ფუფუნება არ ჰქონდათ და დღეს უფრო მეტად ჩქარობდნენ. ჩემი დაკვირვებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაშიც არ არიან თავისუფლები, რომც იყვნენ, ძალიან ნაკლები მოლოდინი მექნებოდა.

ყველამ ვიცით, რომ სამართლებრივი საფუძველი გახლავთ კონსტიტუციის 23-ე მუხლი და ეს მუხლი ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, თუ როდის შეიძლება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე იყოს საუბარი. ეს საფუძვლები გახლავთ, მაგალითად, თუ პოლიტიკური პარტიების მიზანია, კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, რადგან სარჩელი მხოლოდ ამ მუხლიდან ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.

დღეს საგანგებოდ მიაქცევინა ყურადღება ამაზე ქალბატონმა ევამ მოსარჩელეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს მუხლი გახლავთ მიზნით დეტერმინირებული დელიქტი, ანუ მიზანი ქმნის დელიქტს, ამ მუხლის შემთხვევაში, ანუ ყველა შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა ასაბუთოს ამ განზრახვების არსებობა, რომ პარტია ამ მიზნებისთვის შეიქმნა. კონსტიტუციური წყობილების დამხობით და ძალადობით შეცვლის მიზნის მქონე პარტია, თუ არ არსებობს, მაშინ ეს საფუძვლებიც არ არსებობს", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.