საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან მოსამართლე რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა. 

თავდაპირველად მოსამართლემ ნიკა გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მან არჩილ გორდულაძის განცხადება გააპროტესტა, რომელმაც თქვა, რომ მურთაზ ზოდელავა "ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.

"პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ამის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ გვარამიას შენიშვნა არაერთხელ მისცა და სხდომიდან აძევებდა. ნადარაიას გადაწყვეტილებას მაია კოპალეიშვილი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ასევე გააძევეს.

"ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

სხდომაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.