მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ და მოითხოვონ საქართველოში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უმოქმედობა მილიონობით ქართველის იმედებისა და ოცნებების ღალატი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას.

"ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების 150-ე დღე შესრულდება, რაც ქართველების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევი ერთგულების განსაკუთრებული გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველ ხალხს გვერდით ვდგავართ, როდესაც ისინი უარს აცხადებენ დემოკრატიული მისწრაფებების დათმობაზე უკანონო რეჟიმის წინაშე.

„ქართული ოცნება” ხელისუფლებას იმით ინარჩუნებს, რომ ქართველებს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს ართმევს, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებებისთვის ძვირფასია. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისგან იზოლაციაში აქცევს და წირავს საქართველოს რუსეთსა, ჩინეთსა და ირანთან გათანაბრებული მომავალი რეპრესიებისთვის.

საქართველოს აქტიურმა დემოკრატიულმა სულმა ოდესღაც ის რეგიონში იმედის შუქურად აქცია. საქართველო თუ გააგრძელებს სვლას ავტოკრატიისკენ, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც მტკიცედ არის ერთგული ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ამავდროულად, ჩვენ ქართველებს დავტოვებთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული მთავრობის მმართველობის ქვეშ სატანჯველად, თავისუფლებისთვის მათი მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ და მოითხოვონ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. უმოქმედობა არამხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებისა და ოცნებების ღალატი იქნება, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი, კომისიის უფროსი წევრი სენატორი შელდონ უაითჰაუსი, უფროსი წევრი კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი და სენატორი ჯონ კორნინი.