თუ ამბობ, რომ არჩევნები უხეშად გაყალბდა, რომ "ოცნებას" მონოპოლიზებული აქვს მთელი ძალაუფლება, რომლითაც მოსახლეობას არჩევნები უნდა ჩაუტაროს, მაშინ საკითხი დგას ასე - სად ეპატიჟები ამომრჩეველს ხმის მისაცემად, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს კარგავენ იმიტომ, რომ არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები.

"ხანდახან განვიცდი, რომ დრო გაჩერდა და ერთ წრეზე გვატრიალებენ ქართველი პოლიტიკოსები. ოპოზიციური პარტიის და პოლიტიკური სპექტრის ამოცანა არის ის, რომ თუ მისი ამომრჩევლის განწყობა ითხოვს ბოიკოტს, მაშინ მისი პარტნიორები დაარწმუნოს ბოიკოტის საჭიროებაში. წლიდან წლამდე ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს კარგავენ. ოპოზიციის ამომრჩეველი არ იზრდება იმიტომ, რომ არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები. თუ ამბობ, რომ არჩევნები უხეშად გაყალბდა, თუ ამბობ, რომ "ოცნებას" მონოპოლიზებული აქვს მთელი ძალაუფლება, რომლითაც მოსახლეობას არჩევნები უნდა ჩაუტაროს, მაშინ საკითხი დგას ასე - სად ეპატიჟები ამომრჩეველს ხმის მისაცემად, ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები და ვინ უნდა დაითვალოს ხმები. გავიგე, ბატონო, რომ არ არიან რევოლუციური პარტია, მაგრამ თუ თანხმდები არჩევნებს, ე.ი. თანხმდები ივანიშვილის შემოთავაზებულ დღის წესრიგს იმიტომ, რომ წინა პირობები არა თუ არ შეცვლილა, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ შეიცვალა.  

რაც შეეხება უცხოელებს, ჩვენ ვერ ვნახავთ მოკავშირეებს, რომლებიც გვეტყვიან, რომ არჩევნებზე თქვი უარიო, ეს არ იქნება, არ არსებობს, დემოკრატიას ვერ შექმნი არა არჩევნების გზით. აქ საუბარია იმაზე, არჩევნები თუ არ ტარდება მაშინ რა უნდა ქნას პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.