ჩვენი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნებულია და ურღვევია. ამ ურღვეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მივაღწევთ თუ არა შედეგს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებისთვის ემზადება.

"ქართული ოცნება“ სუსტდება. ჩემი აზრით, ჩვენ თვალწინ ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთ კონკრეტულ ჯგუფში და მთავარი კითხვაა: რატომ? სიტუაცია მიდის იმ წერტილამდე, სადაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისში, სადაც არ უნდა გაიხედო, პასუხისმგებლობა უპირობოდ ეკისრება იმ ძალას, რომელიც ხელისუფლების სათავეშია.

ხშირად ოპოზიციას სთხოვენ გეგმას, მაგრამ პირველ რიგში, გეგმა უნდა ჰქონდეს იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია. მათგან არ გაგვიგონია არანაირი გეგმა, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია პიკს უახლოვდება. თავადაც გრძნობენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.

ისინი ვერ გადიან ქუჩაში, იმყოფებიან ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხის ქვეშ. სანქციები რეალურად მოქმედებს. წნეხი დღითი დღე მატულობს, "ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიერ შექმნილი სურათი, თითქოს ყველაფერი კარგად არის, შორდება რეალობას. როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შენს წინააღმდეგ დგას და პასუხისმგებლობას შენ გაკისრებს, ვალდებული ხარ, რომ შეამცირო დაძაბულობა.

ჩვენი მთავარი გამარჯვება არის ის, რომ წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნებულია და ურღვევია. ამ ურღვეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მივაღწევთ თუ არა შედეგს.

რაც შეეხება არჩევნებს, თვითმმართველობის არჩევნები საფრთხის შემცველია იმ მხრივ, რომ შესაძლოა, სწორედ ამ პროცესში მოხდეს წინააღმდეგობის ხაზის დარღვევა.

მე ჩემს კოლეგებს მივმართავ: გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთობლივი და პასუხისმგებლიანი. პირადად მე ვთვლი, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ამაში ბევრი რისკია.

ბიძინა ივანიშვილი უკვე ემზადება არჩევნებისთვის. მისთვის მარტივია გამოვიდეს და თქვას, რომ რაც მოხდა,  ყველაფერი კობახიძის ბრალია. შემდეგ კი საზოგადოებას ახალი ჯგუფი წარუდგინოს, თითქოს თავიდან იწყებს.

ამიტომ, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა მზადება გარდამავალი პერიოდისთვის. და ეს არ არის ტექნიკური დავალება, ეს არის ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა.

კობახიძემ და ღარიბაშვილმა ეს არჩევნები არ უნდა ჩაატარონ. რთული ამოცანაა, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი", - განაცხადა ვაშაძემ.