"ქართული ოცნება" მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მომავალს და აწმყოს იცავენ, "ქართული ოცნება" მტრად და დასავლეთისგან მართულ პირებად რაცხს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ხალხს ატყუებს და სიმართლის მთქმელ ადამიანებს პასუხისგებაში აძლევს.

"2022 წელს მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობდით ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულზე, კონკრეტულ ოფისებზე და გამოძიება არა თუ არ იწყებოდა, არამედ ჩვენ წინააღმდეგ ლილუაშვილი და მამაცაშვილი  სამოქალაქო საქმეებს იწყებდნენ სასამართლოში, ითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას, თითქოს ჩვენ მათ სულიერი ტკივილი მივაყენეთ, არადა დადასტურდა, რომ კი, ისინი მფარველობენ.

"ქართული ოცნება" მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს. როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება, ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, იკრიბებიან, რაღაცაზე ბჭობენ და ამ შეკრების ღირებულებასაც კი ჩვენი მოქალაქეები იხდიან.

"ქართული ოცნება" ძალადობს საკუთარ ხალხზე, მათზე, ვისაც წესით უნდა უსმენდეს და ემორჩილებოდეს. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მომავალს და აწმყოს იცავენ, "ქართული ოცნება" მტრად და დასავლეთისგან მართულ პირებად რაცხს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.