"ქართული ოცნება" პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს ატყუებს, რომ ამერიკასთან ვითომ რაღაც ხდება დალაგების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში შეუძლებელია აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება.

"სახელმწიფო დეპარტამენტთან ვიზიტის შემდეგ საკმაოდ კონკრეტული ჩამონათვალი იყო იმისა, რასაც აქამდეც ეუბნებოდნენ, ახლა უბრალოდ, უფრო რბილად და დიპლომატიურად უთხრეს, რომ თუ სურთ, მდგრადი პარტნიორობა შედგეს, ამისათვის მთელი რიგი ფაქტორები და პირობებია შესასრულებელი. უპირველესად კი, ამ პირობების შესრულებაში წინსვლა უნდა იყოს უწყვეტი, ამაზე იყო ხაზი გასმული. ეს იყო გარე ზეგავლენაზე მიმართული, სადაც, უპირველესად, ირანი და რუსეთი იგულისხმება, აქ საუბარი იყო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, საუბარი იყო სამართლიან სასამართლოზე, ოპოზიციის სრულფასოვან ჩართულობებზე პოლიტიკურ ველში, თუმცა, ბუნებრივია, რომ ციხიდან და სასამართლო დარბაზებიდან სრულყოფილად ვერ ჩაერთვება ოპოზიცია ამ პროცესებში. შეიძლება თუ არა, რომ ამ რეჟიმმა ეს პირობები დააკმაყოფილოს? - არა, ჩემი აზრით, არ შეიძლება და ეს მალე გამოჩნდება კიდეც.

"ქართული ოცნება", პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს ატყუებს, რომ ამერიკასთან ვითომ რაღაც ხდება დალაგების თვალსაზრისით. მცდელობა, რომ ვითომ ამერიკელებთან ლაგდებიან, არის ისევ იმისთვის, რომ თავიანთი ხალხი არ შეშფოთდნენ და ეგონოთ, რომ ჯერ არ დამდგარა ის დრო, როცა ამერიკა დაალაგებს ყველაფერს, ამის გაყიდვას ეცდებიან ხალხთანაც და სხვა ქვეყნებთანაც", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.