ქოცპროკურატურამ ჩემზე "საქართველოს ღალატისთვისო" საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი იყო და ამას ვერავინ წაართმევს.

"მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე!
ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!

სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“,- წერს გიორგი ბარამიძე. 

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.