"ფსევდოლიბერალების აგრესიულ ჯგუფს, რომელიც ბოლო წლებია ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებული და უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, აქვს სურვილი, თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში და ხელი შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საარჩევნო შტაბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანვე მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან წამოსული შეურაცხყოფებისადმი გამოჩენილი მოთმინებისთვის.

"ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო. რადიკალთა დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, მედიას, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. მიზანი ცხადია - საზოგადოების გახლეჩა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიას. ეს არის ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, მოსახლეობის პასუხი კი იქნება 4 ოქტომბერს, რაც დასრულდება თბილისის გამარჯვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მისთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმართვა და მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია.

"ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას.  გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, ვაფასებ და ვუფრთხილდები ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ ნდობას და ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც უკვე გაკეთებულ საქმეებზე, ისე სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს იზრუნოს თბილისზე და თბილისელებზე. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, ღიად და გახსნილად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ვისმენთ მათ ხედვებს, მათ პრობლემებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.