მომავლის ზმანებად დარეგისტრირდა ის კადრები, როდესაც რუსი ოლიგარქი რუსული ენით, რუსული გონორით და კოლონიზატორივით ადგილობრივ მოსახლეობას იმაზე მიუთითებს, რომ მაღაროელებმა მხოლობით პირში უნდა ისაუბრონ და არა ხალხის სახელით, - ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ ჭიათურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ წინააღმდეგობა არ გაიწია, მსგავსი ტიპის ვითარება სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს შეიძლება განვითარდეს.

"შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის და რაღაც ტიპის მომავლის ზმანებად დარეგისტრირდა ის კადრები, როდესაც რუსი ოლიგარქი რუსული ენით, რუსული გონორით და კოლონიზატორივით ადგილობრივ მოსახლეობას იმაზე მიუთითებს, რომ მაღაროელებმა მხოლობით პირში უნდა ისაუბრონ და არა ხალხის სახელით. 

შეიძლება რაღაც ეტაპზე სხვადასხვა ადგილებსა და ძალაუფლების სხვა ველებშიც ვიხილოთ სწორედ რუსი ოლიგარქების, რუსეთისა თუ რუსების ეს ტონი, რომელიც ჩვენ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას მიგვითითებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. 

ის, რაც ჭიათურაში ხდება, შეიძლება მთლიანად ასეთი რეალობა დაგვიდგეს, თუ წინააღმდეგობა არ გავწიეთ. 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან იმის გააზრება, რომ რუსეთის საკითხი არაა ეს მხოლოდ, ესაა ეკონომიკური საკითხიც. რუსეთზე ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება და მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ საწარმოებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ექსპორტის წილი მოდის და ტრადიციული წარმოების საშუალებებია საქართველოში, სწორედ ასეთი კოლონიური ძალები შემოდიან", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.