რეალური რუსული სუვერენიტეტი მსხვერპლად ეწირება ომის გაგრძელებას, რუსეთი არის გადაქცეული ჩინეთის დანამატად, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთს ომის გაგრძელებაში ჩინეთის დახმარება აძლიერებს.

"რუსეთი არის გადაქცეული ჩინეთის დანამატად, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახერხებს რუსეთი ამ ომის გაგრძელებას, არის ის, რომ არაფორმალური და ფორმალური მხარდაჭერა, დახმარება მოსკოვს აქვს პეკინისგან, მაგრამ ამ მხარდაჭერას აქვს უზარმაზარი ფასი, ფაქტობრივად, რეალური რუსული სუვერენიტეტი მსხვერპლად ეწირება ომის გაგრძელებას და მოსკოვი ნელ-ნელა ხდება უფრო მეტად დაქვემდებარებული.

ყველაფერი, რაც ხდება, ასუსტებს რევიზიონისტულ ძალებს და ის ღერძი, რომელიც არსებობდა რუსეთის, ჩინეთის, ირანის სახით, მნიშვნელოვნად არის დასუსტებული იმიტომ, რომ ჯერ მას ჩამოაცალეს ვენესუელა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი კუბისთვის და შესაბამისად, აშშ-ზე მუდმივი წნეხის განსახორციელებლად და ახლა ვხედავთ, რომ იგივე ხდება ირანში. ლოგიკურია, რომ ამის შემდეგი უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.