ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სისტემა თავის თავს ჭამს იმიტომ, რომ გამორიცხულია, დღეს ივანიშვილთან ვინმე მივიდეს იდეებისა და ღირებულებების გამო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავიდან აძლევს საძოვარზე გასვლის შესაძლებლობას თავის გარემოცვას, რომ რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ.

"ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ სისტემა თავის თავს ჭამს იმიტომ, რომ გამორიცხულია, დღეს ივანიშვილთან ვინმე მივიდეს იდეებისა და ღირებულებების გამო. ყველა მიდის იმიტომ, რომ მერე ფული აკეთოს. ეს მოცემულობა თვითონ შეუქმნა ყველას. თვითონ უთხრა ყველას, რომ ვისაც ჩემთან გინდათ, აკეთეთ ფულიო. ვისაც არ გვინდოდა ფულის კეთება, ვართ ოპოზიციაში.

ინსტიტუციურად ის კორუფციას არ უპირისპირდება, ის აძლევს საძოვარზე გასვლის შესაძლებლობას თავის გარემოცვას, რომ რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ და მერე ატყობს, რომ ისინი ხდებიან ძალიან დამოუკიდებლები, უკვე სისტემურ პრობლემას წარმოადგენენ ისინი მისთვის და იძულებული ხდება, ასეთი მეთოდებით იმოქმედოს. ეს არის ვერცხლისმოყვარეობა",  - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის ინფორმაციით, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.