ყველაფერი დღესავით ნათელია, ვერ უძლებს უხარისხო ქსელი დატვირთვას. მის ამორტიზაციაში ათი წლის განმავლობაში კრიპტოენერგოვამპირებმაც თავისი როლი ითამაშეს, უმოწყალოდ ეწევიან სისტემის ცვეთას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა, სინათლეს ვერავინ ეღირსება.

“ყველაზე მეტი, რაც “ოცნების” ხელისუფლებას გაუხარდება, არის ის, რომ ვიძახოთ - საბოტაჟის (ანუ მტრების) ბრალიაო. სინამდვილეში ყველაფერი დღესავით ნათელია - ვერ უძლებს უხარისხო ქსელი დატვირთვას. მის ამორტიზაციაში ათი წლის განმავლობაში კრიპტოენერგოვამპირებმაც თავისი როლი ითამაშეს - უმოწყალოდ ეწევიან სისტემის ცვეთას.

შეცდომები, არაკომპეტენტურობა და ტოტალური კორუფცია არის იმის მიზეზი, რაც ხდება.

ამწუთას ჩემთან შუქი მოვიდა. კი გაგვიხარდა, მაგრამ სიხარული ნაადრევია - ისევ წავა. სანამ ესენი არ წავლენ, “სინათლეს” ვერ ვეღირსებით”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ორ კვირაში უკვე მესამედ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.