მზია არის სიმბოლო საქართველოსი. ეს მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მზია ამაღლობელის მიმართ განაჩენი გამამტყუნებელი დადგა, ეს იქნება განაჩენი ქვეყნის წინაშეც.

"ეს მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყნის მიმართაც. მზია არის სიმბოლო საქართველოსი. მოლოდინი მაქვს, როგორც ყოველთვის და ბოლომდე, რომ სამართალი იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩვენთვის. მთავარი არის ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველივე დღიდან და პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის და ისტორიის წინაშე, რაც დღეს გადაწყდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოს სხდომას ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე ესწრებიან აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც.