ამ პარლამენტში უნდა შევიდეს პროკურორი, სასამართლო და პირდაპირ გასცეს სანქციები მარტო იმის გამო, რომ ამ პარლამენტადწოდებული უკანონო ორგანოს წევრები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქვეყანას უბედურებისკენ ატრიალებენ, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტმა ე.წ. ფასების კომისია მხოლოდ იმის გამო შექმნა, რომ ხალხმა არ იფიქროს, რომ ფასებს ხელისუფლება აძვირებს.

"მოგეხსენებათ, სანქციების ინიციატორი და  ფუძემდებელი გახლავთ თქვენი მონა-მორჩილი მე და "ლეიბორისტული პარტია". 14 წლის წინ, როცა ეს ბრძოლა დავიწყეთ, დაგვცინოდნენ, ან ისეთ სინანულის შეფასებებს ვიღებდით, რომ ჭკუა არ გვაქვს და რომელი სანქციები იქნება ბიძინას წინააღმდეგ, ამას არც უცხოეთში იღებდნენ სერიოზულად, მაგრამ დღეს აღნიშნული კონცეფცია და დოქტრინა გახდა მთავარი იარაღი ცივილიზებული სამყაროსი, რომ ეს რეჟიმი მოიხრჩოს პოლიტიკურად და ეს გარდაუვალი იქნება.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, ფასებს და ფასების მარეგულირებელ ე.წ. კომისიას, უნდა ითქვას, რომ რაც ეს კომისია შეიქმნა, ფასები კიდევ უფრო ავარდა და გაძვირდა. ამ კომისიის შექმნა გათვლილი გახლდათ სწორედ ფსიქოლოგიურად მოსახლეობის დამშვიდებაზე, რომ ფასების ზრდასთან ეგენი არაფერ შუაში არ არიან და იბრძვიან კიდეც. ამ დროს კი ეს კომისია ჰგავს სცენას - მგლებმა რომ მგლები გამოიძახონ და მოსთხოვენ პასუხი, ბატკანი რატომ შეჭამეთო. ამ ბერეკაშვილის მამა დეესკას სახლთმშენებელი კომბინატის დირექტორი იყო ქუთაისში და კორპუსი არ იყო ჯერ აშენებული და უკვე გაფორმებული ჰქონდა ჩაბარებულად. მოსკოვში წავიდა ის კაცი და ეს შვილიც იქ გაზარდა, რა თქმა უნდა, მოსკოვში სპეცსამსახურის გარეშე ერთ ჯიხურს ვერ ჩადგამ, არა თუ გამდიდრდები და მერე გამოუშვა დეპუტატად, ახლა უკვე ეს კაცი ფასებს ადგენს მაშინ, როცა გამოქვეყნდა დეკლარაცია მისი და მარტო მას და მის მეუღლეს უცხოეთის ყველაზე ძვირ მარკეტებში 700 ათასი აქვთ დახარჯული, მაშინ, როცა ხალხს კარაქის პატარა ნაჭერი ვერ უყიდია ბავშვებისთვის და თვეები ისე გავა, ხორცი არ იხარჯება ოჯახებში. ეს ხალხი და წილოსანის ქალი, რომლის ოჯახმაც მატარებლები შეჭამა და ეს წარმოება გაუნადგურა საქართველოს, ეს ზის იმ კომისიაში.

ამ პარლამენტში უნდა შევიდეს პროკურორი, სასამართლო და პირდაპირ გასცეს სანქციები მარტო იმის გამო, რომ ამ პარლამენტადწოდებული უკანონო ორგანოს წევრები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქვეყანას უბედურებისკენ ატრიალებენ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.