შეიძლება ძალიან ღია იყოს ოკუპანტთან თანამშრომლობა, სავაჭრო ბიზნესურთიერთობები და ამ მხრივ სასანქციო პოლიტიკის დარღვევა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა გამოძიება და სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს ამ კუთხით და იკვლევდნენ რეალობას.

"სპეციალური სამსახურები, რომლებიც ქვეყანაში ძირითადად, დაკავებული არიან პროტესტში მონაწილე ადამიანების თვალყურის დევნებით, მათი დაკავებით, ამ მიმართულებით მუშაობენ და არა ასეთ ფაქტებზე, როდესაც შეიძლება ძალიან ღია იყოს ოკუპანტთან თანამშრომლობა, სავაჭრო ბიზნესურთიერთობები და ამ მხრივ სასანქციო იმ პოლიტიკის დარღვევა, რომელზეც "ქართულ ოცნებას" პირობა აქვს მიცემული საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ამას არ დაარღვევს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის შემოტანა იგეგმება. სააგენტოების ცნობით, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკამ საქართველოსთან ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწია. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიზნესმენი ვალერიანე ქოჩიაშვილი დაჰპირდა, რომ დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას უზრუნველყოფს.