გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ. დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს, - ამის შესახებ “ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლებაში არსებულ შიდა დაპირისპირებას ხალხის ძალა უნდა დაემატოს, რომ მიზანი საბოლოოდ დადგეს.

"28 ნოემბერი ეს არის დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, ყველაფერს გადაუხვია და აღარ აგრძელებს იმ გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. მას მერე ორი წელია, წინააღმდეგობა გრძელდება. რად გვინდა ევროკავშირი და ამერიკა, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო და ვხედავთ, პუტინმა ქართულ კომპანიებს აუკრძალა ვაჭრობა რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს სრული ჩაფლავება აქვს, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა და ახლა ჩვენ სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა. ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ. დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს.

ორი წლის წინ ამბობდნენ, ტრამპი მოვა და ტრამპთან გადავშლით ფურცელსო და ტრამპთან გადაშალა ფურცელი კი არა, ვხედავთ რაც ხდება. ევროკავშირში შეხვედრაზე რომ არ უშვებენ, „ევრონიუსში“ ეტენებიან და იქაც ლამის ტყავს აძრობენ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.