„აქამდე, მე აქ ჩამოვდიოდი სესიებზე და გიყვებოდით, რომ რუსმა ოლიგარქმა, რომელიც მართავს ახლა ჩემს ქვეყანას, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, დღესდღეობით ოლიგარქი აკავებს ყველას, დღითი დღე მატულობს  პოლიტპატიმართა რაოდენობა, მაგრამ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ამ ბრძოლას ბოლოს აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღეს ევროსაბჭოში სოციალური კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

"მე ვარ თათია ნიკოლაშვილი საქართველოდან. მე წარმოვადგენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას. მხოლოდ იმის გამო, რომ მე დღეს აქ ვზივარ და მინდა მოგიყვეთ რა ხდება ჩემს ქვეყანაში ახლა, შეიძლება ხვალ, როცა მე ჩავალ საქართველოში დამაკავონ. აქამდე, მე აქ ჩამოვდიოდი სესიებზე და გიყვებოდით, რომ რუსმა ოლიგარქმა, რომელიც მართავს ახლა ჩემს ქვეყანას, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, დღესდღეობით ოლიგარქმა ივანიშვილმა დააპატიმრა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე. ირაკლი ოქრუაშვილი - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. გიორგი ვაშაძე - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ნიკა მელია - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ნიკა გვარამია - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. მამუკა ხაზარაძე - ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, დაკავებულია. ბადრი ჯაფარიძე - დაკავებულია. გივი თარგამაძე - დაკავებულია. მათ ტყვედ ჰყავთ აყვანილი 50-ზე მეტი ახალგაზრდა, სინდისის პატიმრები, რომლებიც მშვიდობიან აქციებზე დააკავეს. მათ დაატყვევეს ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მათ აწამეს, დაასახიჩრეს 400-მდე ახალგაზრდა. მათმა სპეცრაზმმა გაიტაცა და სიკვდილამდე სცემა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

იღებენ კანონებს, რომლის მიხედვითაც სულ მალე მედიას შეეზღუდება ყველანაირი უფლება და უბრალოდ აღარ იარსებებს. მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აჯარიმებენ, აპატიმრებენ ადამიანებს ფეისბუქ პოსტების გამო, აზრის გამოხატვის გამო. მათ გააუქმეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენმა ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ აირჩია სრულად რუსული კურსი. ჩემი კოლეგები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფლები არიან აყენებენ ყველას საქმის კურსში თქვენთან, მაგრამ ვინაიდან ეს ჩემი ბოლო ვიზიტია აქ, მინდოდე მეთქვა, რომ არ დაგვივიწყოთ და იცოდეთ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული და დღევანდელი  არჩევანი არის ევროპა.

ჩვენ გვსურს დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და არა - რუსეთის უკანასკნელ ბოროტ იმპერიაში. ამისთვის ბრძოლას ვაპირებთ ბოლომდე“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.