თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა "ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს სიბნელე მათთანაც აუცილებლად მივა.

"თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს, მინისტრისა თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტის თუ ბიზნესმენისთვის, ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა. ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, „აირზენას“ სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით. გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას?!) მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ. ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში. ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა. მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია, მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა. ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და „ფაუსტი“ წაიკითხეთ, ბიჭებო. წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ, სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო დარჩებით. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“, - წერს თინა ბოკუჩავა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.