დაწერილი სცენარებით და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია. ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია და დაცული არავინაა.

"ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებით და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია. 
ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.

ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი - ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური "მმართველობა“.

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა! 

შექმნილი ვითარება - ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი - ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს "თავისიანებსა“ და "სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.