თუ ასე გაგრძელდა, განწირულია ქვეყანა იზოლაციისა და რუსეთის მიერ კოლონიზაციისთვის, ამიტომ ჩვენი გზა არის ის, რომ უნდა ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ანგარიში კრიტიკული იქნებოდა.

"სამწუხაროდ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ეს პროცესი გაგრძელდეს. მოულოდნელი ჩემთვის არ იყო ეს ანგარიში, პირიქით, ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ამ დონემდე მივიდოდით. ეს ანგარიშით კიდევ ერთი მკაფიო და ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად იტყუება. ასეთი მატყუარა პოლიტიკური პარტიის პირობებში, რომელსაც არავინ არ ენდობა, თუ ასე გაგრძელდა, განწირულია ქვეყანა იზოლაციისა და რუსეთის მიერ კოლონიზაციისთვის, ამიტომ ჩვენი გზა არის ის, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ეს ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ევროკავშირის საბჭოს დასკვნის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა, ვითარება მკვეთრად გაუარესდა. პრესრელიზის თანახმად, ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.