ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი პოლიციას ჩაბარდა - ჯაკო ჩარკვიანი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ჩარკვიანის მამიდამ, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა.

"პირველების" ინფორმაციით, ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების გამომძიებლებს ამ წუთებში აძლევს ჩვენებას. ასევე მის საცხოვრებელ სახლში პოლიცია ჩხრეკაზეა შესული.

თაკო ჩარკვიანის თქმით, მისი ძმისშვილი მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა სახლში სამართალდამცველების მისვლას, ბოლოს კი რადგან პოლიცია არ მივიდა, თავად გამოცხადდა განყოფილებაში.

გამოძიების ცნობით, ჩარკვიანი იმ თავდამსხმელებს შორის იყო, რომლებიც თბილისში, ხილიანზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში" "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის თხოვნით მივიდა და 19 და 21 წლის კონსულტანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით უკვე დაკავებულია მანჩო გიორგობიანი. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.