თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას მიიღებს, ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომში აგრესორი გამოვა საქართველო და არა რუსეთი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რა სამართლებრივ აბსურდს ემყარება საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს, რეალურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენთვის მთავარი არის ის, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ მოქალაქეებმა დაინახონ, რა სამართლებრივ აბსურდს ემყარება საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რის საფუძველზეც უნდა აკრძალონ ოპოზიციური პარტიები და „ნაციონალური მოძრაობა“. კარგად გაითავისონ საქართველოს მოქალაქეებმა ის, რომ ვიღაცას ჰგონია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ამ ქვეყანაში დემოკრატიას რაღაცას დააკლებს და დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ კიდევ უფრო რთულია 2008 წლის ომის საქმე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ კონსტიტუციურ სარჩელს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოცემულობით გადაწყვეტილებას მიიღებს, ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომში აგრესორი გამოვა საქართველო და არა რუსეთი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილება აქვს მიღებული - მას კი არა აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არამედ ბიძინა ივანიშვილს. 

რაც შეეხება აქციებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ნებისმიერ მშვიდობიან, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელებულ აქციას. ეს არის ჩვენი უფლება და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.