პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა.

"გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’' დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი, იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი - პაატა სვანიძე, შპს ,,საჩინოს’’ დირექტორი და შპს ,,ინტრანსის’’ დირექტორი - რუსლან დემუროვი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.

მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია ,,ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს ,,საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას’’.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.

დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.