მეც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს შექმნილი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში მიღებულია, ახლა საქმე ის გახლავთ, ეყოფა თუ არა პატიოსნება, პრინციპულობა, სინდისიერება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მიიღოს სამართლებრივი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუცია არ აძლევს იმის უფლებას, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი მხოლოდ სამართლებრივი შეიძლება იყოს. ეს წერია კონსტიტუციაში, მითითებულია ის რამდენიმე საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება დაისვას პარტიის აკრძალვის საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარი გვაქვს. სარჩელში მე სამართლებრივი საფუძველი ვერ ვნახე და ამას ვამბობ იმ დროიდან, როდესაც პირველად განაცხადა "ქართულმა ოცნებამ", უნდა ავკრძალო პოლიტიკური პარტიებიო. ეს პროცესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ იწყება, მე მესახება პოლიტიკურ პროცესად და არა სამართლებრივად. საკონსტიტუციო სასამართლოს კი კონსტიტუცია არ აძლევს იმის უფლებას, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მეც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს შექმნილი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში მიღებულია, ახლა საქმე ის გახლავთ, ეყოფა თუ არა პატიოსნება, პრინციპულობა, სინდისიერება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მიიღოს სამართლებრივი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.