ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები, - ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც სახელმწიფო ეხმარება ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები.

"ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები, ეს იქნება ნებისმიერი სახის გიგანტი ნავთობის სექტორში. ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ვეხმარებით პუტინის ტერორისტულ რეჟიმს შემოსავლების აკუმულირებაში, რომელსაც შემდეგ ის ტერორისტული მიზნით იყენებს - ესხმის თავს უკრაინას, საქართველოს და სხვა მშვიდობიან სახელმწიფოებს. ამიტომ, დღეს ეს არის მკაფიო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს მანიპულაციას, რომ ეს გემი არ არის სანქციებში, რომ ეს კომპანია არ წერია ბრიტანეთის სანქციებში - ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. სინამდვილე არის ერთი - დღეს საქართველო გამოყენებულია რუსეთისთვის თავის ასარიდებლად", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" საქართველოში, ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი ტვირთი ჩაიტანა. Reuters საუბრობს ტანკერ "კაიზერზე", რომელმაც, მათი ინფორმაციით ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობის ტერმინალში 6 ოქტომბერს 105 340 ტონა ციმბირული მსუბუქი ხარისხის საწვავი მიიტანა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი KAYSERI არ იმყოფება საერთაშორისო სანქციების ქვეშ და "არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში".