გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება პირველ ოქტომბერს აქცია რომ ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-ს და მერიას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.  

მისივე თქმით, მიუხედავად ამ ტექნიკური შეფერხებისა, ის მაინც მოუწოდებს საზოგადოებას, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლისკენ.

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ეშინია; იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“. კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართველ ხალხთან ერთად, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით პირველ ოქტომბერს 17:00 საათზე. ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სააკაშვილის პატიმრობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლების მნიშვნელობას, მის ისტორიულ წვლილს და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობას, კვლავინდებურად გეპატიჟებით, მიუხედავად ტექნიკური დაბრკოლებისა, რომლის შექმნასაც ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.