ტრამპს 9 თვის განმავლობაში მისი პრეზიდენტად ყოფნისა, რუსეთის მიმართ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაუდგამს, დაპირების მიუხედავად, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს პატივს არ სცემს.

"ტრამპს 9 თვის განმავლობაში მისი პრეზიდენტად ყოფნისა, რუსეთის მიმართ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაუდგამს, დაპირების მიუხედავად. ის გვპირდებოდა კონფლიქტის მოგვარებას 24 საათში, სულ მცირე ეს შეგვეძლო გაგვეგო, როგორც ცეცხლის შეწყვეტა. თავიდანვე არარეალისტური იყო ეს და შეიძლებოდა არ გამოვკიდებულიყავით, რომ არა ეს მუდმივი გადადება, მუდმივი გამოცხადება იმისა, რომ ახლა შევხვდები პუტინს, დაველაპარაკები და ის რაღაცას იზამს, მუდმივი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავიო და პუტინი ამას გამოეხმაურა - ნამდვილად ასეაო, მაგრამ ტრამპი 9 თვეა, პრეზიდენტია და არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინი მზად არის არა თუ კონფლიქტის დასასრულებლად, არამედ დროებით ცეცხლის შესაწყვეტად, არ გვაქვს და ყველა ნიშანია იმისა, რომ პუტინი ტრამპს მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემს, წესით, 9 თვეში ეს ტრამპისთვისაც ნათელი უნდა გამხდარიყო.

ერთ-ერთი საუბრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ პუტინი ძალიან კარგად მელაპარაკება და საღამოს კიევს ბომბავსო. ტრამპი პრეზიდენტია და ამის მიუხედავად, პუტინი არა თუ არ წყვეტს ომს, არამედ რეკორდს რეკორდზე ამყარებს იმ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი საშუალებებით", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.