თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 8 იანვარს, 20 ივნისის საქმის წინასასამართლო სხდომაზე, პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო გახარიას ადვოკატის მიერ წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც გაკეთებული იყო გიორგი გახარიას გადადგომამდე და რომლებშიც აღნიშნული პირები აქებდნენ/იცავდნენ გახარიას ქმედებებს 20 ივნისის მოვლენებზე.

"სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ბიძინა ივანიშვილის მიერ 2024 წელს გახარიას მიმართ გაკეთებული საჯარო მუქარა. ეს განცხადება გახარიას ადვოკატს წარდგენილი ჰქონდა იმის დასტურად, რომ 20 ივნისის საქმის მიზანი გიორგი გახარიაზე პოლიტიკური შურისძიებაა.

ამ საჯარო განცხადებების გარდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ 20 ივნისის საქმის ერთადერთი მიზანი პოლიტიკური დევნაა, სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21.10.2024 წლის ოფიციალური განცხადებაც, რომლითაც სამინისტრო აცხადებს, რომ სპეციალური პოლიციური საშუალებების ერთდროული/პარალელური გამოყენება (როგორიცაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი) არც საქართველოს კანონმდებლობით და არც საერთაშორისო ნორმებით და ხელშეკრულებებით არ არის უკანონო. მიუხედავად ამისა, სპეციალური პოლიციური საშუალებების ერთდროული გამოყენება სწორედ გახარიას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთ საფუძვლად არის მითითებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.