აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პროცესს გადის.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა და არგუმენტად ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა. ასევე, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულმა ბინის დატოვებიდან ორი დღის შემდეგაც კი არავის შეატყობინა ბინაში უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი დაურ ბუავას შესახებ.

ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებისკენ მოუწოდა სასამართლოს.

ბრალდებული უკრაინის მოქალაქე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს.