ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატების მიერ წარდგენილი მოწმე, „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე გამოიკითხება, ასევე განიხილავენ საქმის ვიდეომასალის მტკიცებულებებს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.