შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ერთ კილოგრამამდე, ასევე, 89 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.