ძალოვანი უწყების  ექსმაღალჩინოსანი, რომლის შვილის დაკავებასაც ეკა კუპატაძე ითხოვს, მერაბ მალანიაა. 

სპეცრაზმის ყოფილ შეფს და გიორგი გახარიას დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალური პოლიციის კურატორი იყო, მოკლული ავალიანის დედა გამოძიების პირველ ეტაპზე საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მცდელობაში ადანაშაულებს.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მერაბ მალანია საქმიდან მისი შვილის და მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს შორის კავშირის კვალის წაშლას ცდილობდა.

გავლენიანი ექსძალოვნის შვილი მოკლული მასწავლებლის, გიგას მოსწავლე იყო და კარგად იცნობდა მკვლელობაში ბრალდებულებსაც.

ეკა  კუპატაძე დარწმუნებულია, რომ სწორედ მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი იყო ერთ-ერთი, ვინც დაკავებულ მოზარდებს დანაშაულის მომზადებაში ეხმარებოდა და  გიგას გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამ ეჭვს ავალიანის დედას საქმის მასალები და სატელეფონო ანძების ჩანაწერებიც უდასტურებს.

რა როლი ჰქონდა ძალოვნის შვილს ავალიანის მკვლელობის მომზადების საქმეში? "შაბათის ეთერი" ამ გარემოების დადგენას პროკურორთან შეეცადა. ქეთი სონიძე ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ექსმოადგილის შვილი  გახმაურებული საქმის მოწმეა და მასთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ჯერ კიდევ აქვს.

დაიწყება თუ არა ექსმაღალჩინოსნის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა - ეს საბოლოოდ ექსპერტიზის პასუხებზე  იქნება  დამოკიდებული. 

წყარო: "ტვ პირველი"