შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან - საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.  პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.