შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლება.

ბრალდებულმა უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა, შემდგომ კი საჯარო რეესტრში მისი წარდგენით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს 1 602 000 ლარის ზიანი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.