შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.