თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.

თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალდება 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება.