შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ც., 1994 წელს დაბადებული გ.რ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ა.

დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების  ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის:250 გრამზე მეტი „კოკაინი“, "მეთადონი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები, 15 კილოგრამი გამომშრალი „მარიხუანა“ და 32 ძირი „მცენარე კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე 260-ე კვარტა, 261-ე და  265-ე პრიმა  მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.