შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

"პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ვ.ა.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.