თუ ექსპერტმა არ იცის, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაშინ  შეუძლებელია იურისტმა, პროკურორმა, მტკიცებით ფორმაში თქვას, რომ კონკრეტული ქმედება, რაც განახორციელა კონკრეტულმა პირმა, დესტაბილიზაციას და განადგურებას გამოიწვევდა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პირდაპირ შლის იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც წარდგენილი აქვს ალეკო ელისაშვილს.

"ვიწყებთ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზისგან, ეს შეეხება ხანძართან დაკავშირებით იმ შესაძლო განვითარებას, თუ რა შეიძლება გამოეწვია კონკრეტულად ამ ხანძრის გაჩენას. 

გამოიწვევდა თუ არა შენობის განადგურებას, დესტაბილიზაციას, რასაც პროკურატურა გვედავება, თუმცა, სამხარაულის ექსპერტიზა გვწერს, რომ ეს არის ჰიპოთეტური, შეუძლებელია, აღნიშნულ ვითარებაში დადგინდეს, თუ რა ზიანი შეიძლება გამოეწვია, განადგურდებოდა თუ არა სასამართლოს შენობა, რაც  პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ექსპერტმა არ იცის აღნიშნულთან დაკავშირებით, მაშინ შეუძლებელია იურისტმა, პროკურორმა, მტკიცებით ფორმაში თქვას, რომ კონკრეტული ქმედება, რაც განახორციელა კონკრეტულმა პირმა, დესტაბილიზაციას და განადგურებას გამოიწვევდა.

ეს პირდაპირ შლის იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც წარდგენილი აქვს ელისაშვილს", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღნიშნულ საქმეზე აცხადებს, რომ "არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა".

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.