რუსეთს აღარ აქვს გამარჯვების არგუმენტები ბალისტიკური რაკეტების დარტყმების გარდა. ამ ტერორის შესაჩერებლად უკრაინას და ევროპას საკმარისი რაოდენობის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები სჭირდებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი საცხოვრებელი შენობების დანგრევის გაგრძელებას გეგმავს, რათა ომი არ დაასრულოს. ამის შეჩერება კი მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდებით და ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით არის შესაძლებელი.

"ევროპას საკმარისი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, რათა დაიცვას თავი ყველა სახის საფრთხისგან, მათ შორის ამისგან - რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალ საერთაშორისო შეხვედრებზე, განსაკუთრებით ნატოს სამიტზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხი ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს, "თუ, რა თქმა უნდა, ნატო კვლავ რამეს ნიშნავს მისი მოკავშირეებისთვის“.

მისივე თქმით, უკრაინა აშშ-ის ადმინისტრაციასთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოების ლიცენზიების მისაღებად.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც PURL პროგრამის მეშვეობით რაკეტების შეძენის დაფინანსებაში ეხმარებიან, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპასა და უკრაინაში სიცოცხლის საიმედოდ დასაცავად შიდა შესაძლებლობებია საჭირო.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დადებითი პასუხის სიცოცხლის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ერთობლივი წარმოება უკრაინაში ან ევროპელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავად შეერთებულ შტატებსაც მომავალი ოპერაციების დროს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს Patriot-ის ტიპის რაკეტებს 40 ქვეყნიდან 2026 წლის ივლისისთვის. მოთხოვნა ეხება მიწოდებას ჩვენი ქვეყნისთვის უკვე დადებული კონტრაქტით მომავალი გადაზიდვების სანაცვლოდ.