მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ან ტრანსპარანტები წარწერებით - "გავიფიცე", - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თვითდასაქმებულები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ გაფიცვის ბოლოს რუსთაველზე გააგრძელებენ პროტესტს.

"მეგობრებო, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება. მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ან ტრანსპარანტები წარწერებით - "გავიფიცე" , "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "ვითხოვთ ახალ არჩევნებს". ჩართეთ "ლაივები", გადაიღეთ ფოტოები და განათავსეთ სოციალურ მედიაში Hasthag-ით - იფიცება საქართველო.

თვითდასაქმებულები, ისინი, ვინც ოფისიდან არ ვმუშაობთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. გაფიცვის დასრულების შემდეგ ვიკრიბებით რუსთაველზე და ვუერთდებით ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობასთან. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, დაინიშნოს ახალი არჩევნები!", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

დღეს, 15:00 საათიდან საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა "იფიცება საქართველო" იწყება. გაფიცვაში მონაწილეობას 296 კომპანია იღებს.