2025 წლის 29 დეკემბერს, 19:00 საათზე „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება ნაციონალური ბრენდების რიგით 25-ე დაჯილდოების ცერემონიალი "ქართული ბრენდის დღე 2025".

პროექტის ავტორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“. 

"ქართული ბრენდის დღის“ უცვლელი ნომინაციებია: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი და ბრენდ-პერსონა. 

"როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა... მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის მანძილზე ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ბრენდები, რომლებმაც  შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რაც გვახარებს. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია და  ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ეკონომიკური და კულტურული მაჯისცემაა“, - ამბობს „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი მანანა გეგიძე.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ნაციონალური ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიების ჯანსაღი კონკურენციის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; ეთიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას; კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას; საქართველოს ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის  ინფორმაციის მიწოდებას.