ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება "გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე, - ამის შესახებ მედიაორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს  ყველაფერს.

"ძვირფასო მკითხველო, ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე. რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს. 

ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.

ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს  ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

სიყვარულით, ინდიგო", - აღნიშნულია განცხადებაში.