ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯზე რუსეთის დროშა გადმოფინეს.

ვიდეოკადრები დღეს, 14 თებერვალს მოქალაქემ გადაიღო ბაკურიანში და ფეისბუქით გაავრცელა.

მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კომპლექსი სასტუმრო crystal hotel and spa-ს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას და ჰკითხა, თუ რატომ არის გადმოფენილი რუსული დროშა და რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშა აეღოთ, თუმცა სასტუმროში ამ თემაზე არ გვიპასუხეს და ტელეფონი გათიშეს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ მეორე ვიდეოც მოაწოდეს, სადაც ასახულია, თუ როგორ ხსნიან ქართველები და უკრაინელები რუსეთის დროშას აივნიდან.

ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები ჯერ დაცვის თანამშრომელს ესაუბრნენ და სთხოვეს, გაერკვია თუ ვინ ცხოვრობდა ნომერში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა იყო გამოფენილი, თუმცა დაცვამ მათ უხეშად მოუწოდა დაეტოვებინათ ტერიტორია.

„რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“ – ამბობენ ვიდეოში მოქალაქეები. მათ უკრაინელებთან ერთად ჩამოხსნეს აივანზე გადმოფენილი დროშა, ფეხით გათელეს, შემდეგ კი ნაგავში გადააგდეს.