ჩვენს განკვეთაზე, მღვდლობიდან განყენებაზე, კობახიძემ 300 000-იანი მიწა გადასცა მცხეთაში მიქაელ ბოტკოველს. ეს 300 000 ალბათ, 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს და დღეს 300 000-ია, - აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

"მიწა რომ უყვართ და ფული რომ უყვართ, ეს კი არ არის უბედურება იმდენად, არამედ უბედურება ის არის, რომ ქრისტე უნდათ გაყიდონ, ყიდიან, თან ქრისტე უნდათ, რომ მათთან იყოს ანუ, მართალი სიტყვა. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. პირველად რომ დამიბარეს საპატრიარქოში შიო მუჯირის კურთხევით, ბოტკოველმა და ჯაღმაიძემ, ბოტკოველს ჰქონდა ჩემი ქადაგებები ამოწერილი ერთი იყო ასეთი: შენ ამბობო, რომ მეო ერსო ღვთის სიტყვას ვუცხადებო, ჯაღმაიძემ ჩვენ სამიო ამბობსო, მე ვუთხარი, არც მე და არც ჩვენ სამნი არ მითქვამს, არამედ ჩვენ რამდენიმე-მეთქი და ჩვენ რას ვაკეთებ აქო, ბუმბულს ვარჩევთო? ჩვენ არ ვუცხადებთო? ბუმბული არა, მაგრამ მიწებს არჩევენ, დოლარებს ითვლიან ... ისე მადლობლები მაინც უნდა იყვნენ, რომ მთავრობა ასე დაინტერესდა ჩემი განკვეთით. ასე, რომ არ დაინტერესებულიყო მთავრობა ჩემი განკვეთით, ვინ მისცემდა მაგათ ამდენ ფულს?" - აცხადებს არქიმანდრიტი.

მცხეთაში, ისტორიულ ტყე-პარკთან ახლოს, სამხედრო ქალაქის №3-ში მდებარე 827 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის შვილის პაპუნა ბოტკოველის საკუთრება გახდა.

ტერიტორია მას საქართველოს მთავრობის 2026 წლის 23 იანვრის განკარგულებით, 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტის მიხედვით, სანაცვლოდ ბოტკოველმა სახელმწიფოს მცხეთაში მდებარე საკუთარი 600 კვადრატული მეტრი მიწა უნდა გადასცეს.