ეკლესია არის ადამიანების რწმენითი ერთობა, რომლის უხილავი თავი არის თვით იესო ქრისტე, ხოლო ადგილი, სადაც ქრისტიანები იკრიბებიან სალოცავად, ღვთის სადიდებლად, არის სახლი სალოცავი, ანუ ტაძარი, რომელსაც ქრისტიანები თავისი სულიერი მოთხოვნილებისა და საჭიროებისთვის აშენებენ, -  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქრისტიანთა ეკლესიური ერთობა არის სულიწმიდისმიერი, მადლისმიერი ერთობა.

"არ ვართ მიტოვებული, რომ უფალი არასდროს გვტოვებს. ამის გააზრება-გაცნობიერება ჩვენს გულში აღძრავს მადლისმიერი სიხარულის განცდას. მოგეხსენებათ, ეკლესია არის ადამიანების რწმენითი ერთობა, რომლის უხილავი თავი არის თვით იესო ქრისტე, ხოლო ადგილი, სადაც ქრისტიანები იკრიბებიან სალოცავად, ღვთის სადიდებლად, არის სახლი სალოცავი, ანუ ტაძარი, რომელსაც ქრისტიანები თავისი სულიერი მოთხოვნილებისა და საჭიროებისთვის აშენებენ. აშენებენ და შემდგომ დღენიადაგ ზრუნავენ მასზე ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი ზრუნავს საკუთარ სახლზე.

ქრისტიანთა ეკლესიური ერთობა არის სულიწმიდისმიერი ერთობა, მადლისმიერი ერთობა, იმ მადლისმიერი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს ყოველჟამს, რომ ეს მადლი არ განელებულა დღემდე, არც სადმე წასულა, არამედ დღესაც მოქმედებს და მისგან მრავალნი ღებულობენ კურნებასა და ნუგეშს.

სულიწმიდის მოქმედება არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით, ან რამე სხვა ნიშნით, არამედ, როგორც ჩვენი რწმენის სიმბოლოშია ნათქვამი, „ის ყველგან არის და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა“.

აღნიშნულის კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, რაც მადლის მოქმედებას შეიძლება გადაეღობოს ადამიანში, არის თვით ამ ადამიანის მიერვე არასწორად გაგებული თავისუფალი ნება. აქ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას და გეტყვით, რომ  თავისუფლება ადამიანისთვის არის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე, რომელიც მას (ადამიანს) ღმერთს მიამსგავსებს და ამიტომ, არავის უნდა მიეცეს საშუალება რომ მასზე გაბატონდეს! ერთადერთი, თვით ამ ადამიანს აქვს უფლება და მოწოდებულიც კი არის, რომ საკუთარ თავს შესძინოს თვითფლობის უნარი; სწორედ ამ გზით მოიპოვებს იგი ჭეშმარიტ უფლებას საკუთარ თავზე, ანუ თავისუფლებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, სწავლა სჭირდება, თუნდაც საკუთარი თავის, პიროვნების, სხვათა ღირსების, დაფასებას და პატივისცემას.

"ძვირფასო მშობლებო, აქვე მსურს მოგმართოთ უმორჩილესი თხოვნით: ბავშვს რომ ზრდით, გაფრთხილდით, უნებლიეთ არ დაჩაგროთ ის და არ წაართვათ მათ მომავალი, რადგან თუ მშობელი მონური მორჩილებით ზრდის ბავშვს, არც თუ იშვიათად, იგი (მშობელი) თვით ხდება ამ ბავშვის შინაგანი თავისუფლების მტერი, და ამაზე მეტად მას ვეღარავინ დააზიანებს. ამიტომ, ეცადეთ პირველმა თვით ისწავლოთ თავისუფლება; ნუ მიწყენთ ამას რომ გეუბნებით; როგორც ბევრ სხვა რამეს, ამასაც სწავლა სჭირდება. სწავლა სჭირდება, თუნდაც საკუთარი თავის, პიროვნების, სხვათა ღირსების, დაფასებას და პატივისცემას.

პირველსავე სიტყვას დავუბრუნდები და სულიწმიდისმიერ ერთობას, შევეხები კვლავ: პირველი ქრისტიანული თემის გაჩენიდან დღემდე ეკლესიამ განვლო ურთულესი და იმავდროულად უმნიშვნელოვანესი გზა. ეს გზა მოიცავს სწავლა-მოძღვრებით, ორგანიზაციულ-სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჩამოყალიბების პროცესს; ამ მხრივ ფუძემდებლური ეტაპი იყო პირველი რვა საუკუნე. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქრისტიანული სწავლების ფუნდამენტური პოსტულატები, ეკლესიის მართვა-გამგებლობის მთავარი პრინციპები, კანონიკური სამართლის ძეგლები. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც ამ საფუძვლებს ეყრდნობა თავის ცხოვრებაში.

ქრისტიანული თემის ერთობა საჭიროებს წესრიგს, რადგან სწორედ წესრიგი განაპირობებს მის ქმედუნარიანობას მისთვის (ეკლესიისთვის) სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებისა და დასახული ამოცანების შესრულების პროცესში. წესრიგი (დისციპლინა) და ეკლესიის საფუძველმდებარე პრინციპებისადმი ერთგულება (რაც ასევე წესრიგის განუყოფელი ნაწილია) განაპირობებს ეკლესიის სიმტკიცეს და მის ძლიერებას. ისტორიას ახსოვს სირთულეები, წინააღმდეგობები, უმწვავესი შიდა დაპირისპირებები, მოწამეობა, მრავალგზისი მცდელობებიც კი იმისა, რომ  შიგნიდან დაერღვიათ იგი, მაგრამ სული წმიდის მადლით ეკლესია დაცული იქნა, რამეთუ მის ირგვლივ სულიერ გალავანს ქმნიდა ყველა ის თანადროული დადგენილება, რომელსაც ღებულობდა კრებსითი აზრი ეკლესიისა. ეს პრინციპი დღესაც ძალაშია და ეს არის ჩვენი, როგორც ეკლესიის, შეუცდომლობისა და დაცულობის გარანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ეკლესიასთან და მისი გავლენის სივრცეებთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების დრამატული განვითარება.

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს და ამ ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებს, დიდი დაფიქრება გვმართებს, რომ მხოლოდ ემოციები არ ასაზრდოებდეს ჩვენს ქმედებებს, და არავინ შეძლოს თავისი უკეთური მიზნების მიღწევა ჩვენი საზოგადოების ემოციური „დამუხტვის“ ხარჯზე.

ეკლესიისა და ღვთივგანბრძობილ მამათა შეგონებანი, საუკუნეთა განმავლობაში, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა განიცადონ თავისი თავი, ისწავლონ და უკეთ გაიცნონ თავისი თავი, შეეცადონ გათავისუფლდნენ ზედმეტი ტვირთისაგან, რომელიც ამძიმებს ადამიანის სულს და თავისი ზრუნვა მიუძღვნან უფალს. საგულისხმოა, რომ ვითარცა სულთმოფენობის ჟამს, როდესაც მადლის მოქმედება შეიგრძნეს პირველმა ქრისტიანებმა, მსგავსადვე ჩვენც დავუსვათ კითხვა  საკუთარ სინდისს, - რა გავაკეთო, როგორ მოვიქცეთ? 

დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობის ტვირთი გვაკისრია როგორც ეკლესიას და მის თითოეულ წევრს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ ამ წუთისოფელში ძალიან დიდი, ბრძოლები მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის, გავლენებისთვის (მათ შორის სულიერი ზეგავლენებისთვის), მატერიალური დოვლათისთვის, და ა.შ. ამ პროცესში ეკლესია არის ჩვენთვის ის ციხესიმაგრე, რომლის წიაღშიც ჩვენ გადავრჩებით. სწორედ ამიტომაც, ჩვენ უნდა ვუერთგულოთ ამ ერთობას და გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი არის მოციქულებრივი პასუხისმგებლობის მატარებელი, და გვმართებს იესო ქრისტეს სწავლებისა და ცხოვრებისადმი მიმბაძველობა.

გვახსოვდეს, რომ „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“. ეს გახლავთ პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები ეფესოელ მორწმუნეთა მიმართ ეპისტოლედან (ეფეს. 6:12), რომელიც სულიერ ბრძოლასა და ქრისტიანულ ღირებულებებზე მიუთითებს; ანუ  მთავარი ბრძოლა ჩვენი მიმართული უნდა იყოს არა „ხორცისა და სისხლის“ (ცოცხალი ადამიანების) წინააღმდეგ, არამედ სულიერი და უხილავი ბოროტების - წყვდიადის მპყრობელთა და ცისქვეშეთის დაცემულ ძალთა წინააღმდეგ.

არაერთგზის გსმენიათ, რომ განსაკუთრებულია ეკლესიის როლი ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, და ეს ნამდვილად ასეა, თუმცა არ შეიძლება, რომ ეკლესიას მხოლოდ (ერთგვარი) ეროვნულ-პატრიოტული მისია დავაკისროთ, რადგან თავისი სულით ეკლესია არის საყოველთაო.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, და ვალდებულება გვაკისრია მოციქულთა და მოციქულებრივ კაცთა სულიერი მემკვიდრეობისადმი, მსოფლიო კრებების მამათა დადგენილებებისადმი და ამ სწავლებაზე დაფუძნებული ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციისადმი; ჩვენ მარადჟამს გვმართებს გაფრთხილება და შენახვა იმ ტრადიციებისა, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სულიერ გაკეთილშობილებას და სწორ მიმართულებას აძლევს მას განღმრთობისკენ მიმავალ გზაზე!

ჩვენს ირგვლივ ყველა მოვლენას აქვს თავისი შინაარსი და უნდა შევეცადოთ, რომ ჩავწვდეთ მას. მორწმუნე ადამიანი თავის თავში გარკვეულწილად ირაციონალურობის მატარებელია, რადგან ღმერთის რწმენა მეცნიერულ მტკიცებას, ან უარყოფას, არ ექვემდებარება, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მამები გვირჩევენ, რომ ვიდრე წუთისოფელში ვართ, რეალობას არ უნდა მოვწყდეთ და ფეხქვეშ მყარ საყრდენს უნდა ვგრძნობდეთ.
მარად უნდა გვახსოვდეს ღმერთი და უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი სასწაული, რაც ხდება, მისი თანამონაწილენი ჩვენც ვართ და თუკი ცუდი რამ ხდება, იმ ცუდის თანამონაწილენიც ვართ! ეს ყოველივე იმდენად და იმ სახით ხორციელდება, რამდენადაც ვაცნობიერებთ ან ვერ ვაცნობიერებთ!

თუ შენ არ იცი, რა გინდა და როგორ გინდა, და ვერ ახერხებ შენი პრინციპებიდან გამომდინარე სწორად პოზიციონირებას, შეიძლება კარგის გაკეთებას ცდილობდე, მაგრამ სინამდვილეში ცუდი გამოგივიდეს, მტრის წისქვილზე ასხამდე წყალს. ასე რომ, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიაზროვნოთ და შევეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ შევდგეთ სრულფასოვან საზოგადოებად“ , - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.