გაძლება, ქალბატონო ეკა. თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა! - ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს.

"გაყიდვის, ღალატის და გაცემის დღეს რომ ბოროტების მხარეს აღმოჩნდები რა საშინელი ამბავია!!! გაძლება, ქალბატონო ეკა. თქვენ ნათელი, ღირსეული და უჭკვიანესი გიგა ავალიანის დედა ხართ, იქით სიბნელეა!!!!
ნათელი ყოველთვის ამარცხებს ბნელს!!!", - წერს იზა ომაძე. 

მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაკავებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. 

პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს. გამოძიების ინფორმაციით, გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1 ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.