93 წლის ასაკში კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა.

ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.

1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად; 1962 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში; 1965-2002წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი; ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში; პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავი", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "კახეთო", "სამშობლო", "თბილისო, სიყვარულო"; დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.

ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.